გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვალში ვართ იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავენ
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვალში ვართ იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავენ

ჩვენ ძალიან ვამაყობთ ისეთი გმირებით, როგორიც არის ივერი ბუაძე, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ სწორედ ის, რაც ჩვენ ჩვენს საერთო მისიებში ერთ ოჯახად გვაქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

მიღებაზე სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე, ივერი ბუაძეზე საუბრით დაიწყო, რომელიც რეაბილიტაციის კურსს ვაშინგტონში გადის.

„დღეს „ვოლტერ რიდის“ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოვინახულე – მეომარი, რომელიც გასული წლის სექტემბერში ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაიჭრა. დიდებული ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი მისია. მან მითხრა: „ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი – ნატო-ში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა“. მინდოდა, ეს თქვენთვის გამეზიარებინა, შემეხსენებინა, რომ ჩვენ ამ ჯარისკაცებთან ვალში ვართ, იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ისეთი გმირებით, როგორიც არის ივერი, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ სწორედ ის, რაც ჩვენ ჩვენს საერთო მისიებში ერთ ოჯახად გვაქცევს. ჩვენი მებრძოლები ამაყობენ, რომ მსახურობენ აშშ-ის მებრძოლებთან ერთად. ისინი დაახლოვდნენ და იქცნენ თანამებრძოლებად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში შეტანილი წვლილით ამაყობს საქართველო, რომელმაც ამ კონფლიქტებში, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ნატო-ს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა.