გიორგი კვირიკაშვილი - უნდა მივიღოთ ზომები, რათა სკოლა და მისი ტერიტორია დაცული იყოს
გიორგი კვირიკაშვილი - უნდა მივიღოთ ზომები, რათა სკოლა და მისი ტერიტორია დაცული იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარის მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო.

“მთავარი არის, რომ მომავლისთვის შევიმუშაოთ სწორი გზები, რათა ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება, რათა სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის შემოგარენიც იყოს დაცული და მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება. კიდევ ერთხელ ვამბობ – იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ; მათ აქვთ იდეებიც, თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება, ამა თუ იმ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისგან განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ხოლმე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უმოკლეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, უნდა მიიღოს ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში მეტი დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც და ამაში იუსტიციის მინისტრი უნდა ჩაერთოს.

“ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა ეს ფონი მოიხსნას. ჩვენ, მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში ალბათ იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.