გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან, საერთო ინტერესების მუდმივი ძიება ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას წარმოადგენს
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან, საერთო ინტერესების მუდმივი ძიება ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას წარმოადგენს

ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების წერტილების მუდმივი ძიება, წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – Strategic outlook: Eurasia განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაისახა და ნელ-ნელა ახორციელებს საქართველოს ტრანსფორმაციას ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

„მეგობრული ურთიერთობები მეზობლებთან, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყაზახეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და თურქეთთან; ტრადიციულად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, „აბრეშუმის გზის“ და სხვა ახალმა პროექტებმა ახალი დინამიკა შემოიტანა ჩვენს რეგიონში. რასაკვირველია, შეუძლებელია ყოველივე ამის მიღწევა რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რაც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა მდგრადი მშვიდობისთვის. რას ნიშნავს სტაბილურობა საქართველოსთვის?! სტაბილურობა საქართველოსთვის ნიშნავს ქვეყნის პოზიციონირებას იქ, სადაც ჩვენ ვართ – აქ საუბარია ღირებულებებზე.

საქართველოსთვის კი, ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, და ნელ-ნელა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად; ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ ვაჭრობას, თავისუფალ ვაჭრობას როგორც ევროკავშირთან, ისე – ჩინეთთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით.

რასაკვირველია, ასევე საუბარია შიდა სტრუქტურულ რეფორმებზე, საფუძვლიან რეფორმებზე, რომლებიც აქცევს საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ეს არის ჩვენი მე-5 მუხლი.

ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების წერტილების მუდმივი ძიება, წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.