გიორგი კვირიკაშვილი - ჩემი მეთაურობით, მთავრობამ გაატარა უაღრესად მნიშვნელოვანი, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური რეფორმები
გიორგი კვირიკაშვილი - ჩემი მეთაურობით, მთავრობამ გაატარა უაღრესად მნიშვნელოვანი, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური რეფორმები

2015 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან გახლავართ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მინდა განვაცხადო, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ჩემი მეთაურობით, ქვეყნის მთავრობამ გაატარა უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური რეფორმები, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დროის განმავლობაში, მიუხედავად რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ვითარებისა, გუნდთან ერთად,  შესაძლებელი გახდა,  საქართველოში შექმნილიყო სტაბილური გარემო და ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო.

„დღეს გაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესგარემო, დაცული საკუთრების უფლება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უმსხვილეს ბაზრებთან. ამას აღიარებს მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია და ეს ნათლადაა ასახული საერთაშორისო რეიტინგებში.

დღეს ორი ოკუპირებული რეგიონის პირობებში, ჩვენი პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შექმნილია უსაფრთხო და სტაბილური გარემო. წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი ​ახალი ინიციატივები შერიგების მიმართულებით. დღეს ვართ ყველაზე უფრო ახლოს ევროკავშირთან და ნატო-სთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველო. დღეს უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის და ევროკავშირის. გამოვხატეთ მზაობა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით გადავდგათ ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფორმატში და მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ეს შეთავაზებები მოიტანს შედეგს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან მთავრობის ოთხპუნქციატ გეგმაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მაშინაც, როდესაც შევიმუშავეთ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც დაეფუძნა კიდევაც „ქართული ოცნების“ პროგრამა და ჩვენმა პარტიამ გაიმარჯვა 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ახლაც, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი გზა საქართველოს განვითარებისთვის.

ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, რომ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რომ რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთარი ოჯახებისთვის, შვილებისთვის და გადაირჩინონ თავი.

დიახ, ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ძალიან ბევრი წლით გადავადდებოდა, რის უფლებასაც მე არასოდეს მივცემდი პირველ რიგში, საკუთარ თავს და ვფიქრობ, რომ გუნდიც მთლიანად მოტივირებული იყო, რომ ამ მიზნით გვემოქმედა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის, განსაკუთრებით კი, მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, შესაძლოა, არაპოპულარული, მაგრამ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე გათვლილი ნაბიჯების გადადგმა.

„მჯერა, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის, მით უფრო, მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ, ერთჯერად შედეგებზე, არამედ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე და გრძელვადიან შედეგებზე.

მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სწორედ ასეთი პოლიტიკა ავირჩიე პოსტზე დანიშვნის დღიდან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.