გიორგი კვირიკაშვილი - ბევრი ვიბრძოლეთ თავისუფლებისთვის, მაგრამ, როდესაც მიზანი შენი ქვეყნის თავისუფლებაა და ამაყობ მისი წარსულით, სულ სხვა ენერგიით ქმნი მომავალსაც
გიორგი კვირიკაშვილი - ბევრი ვიბრძოლეთ თავისუფლებისთვის, მაგრამ, როდესაც მიზანი შენი ქვეყნის თავისუფლებაა და ამაყობ მისი წარსულით, სულ სხვა ენერგიით ქმნი მომავალსაც

ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და ბევრი ვიბრძოლეთ თავისუფლებისთვის, მაგრამ, როდესაც მიზანი შენი ქვეყნის თავისუფლებაა და ამაყობ მისი წარსულით, კულტურითა და ტრადიციებით, სულ სხვა ენერგიით ქმნი მომავალსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის უდიდესი პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები საქართველოს სტუმრობენ.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი აქ ყოფნა და ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ ერთად ვზეიმობთ ამ ფრიად სასიხარულო თარიღს. მთავრობის სახელით მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს, რომელიც დღეს ჩვენთან ჩამობრძანდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თქვენი ჩამობრძანება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანას, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ და რეფორმატორ სახელმწიფოს, რომელიც მიისწრაფვის, დაიმკვიდროს თავისი ისტორიულად კუთვნილი ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და ბევრი ვიბრძოლეთ თავისუფლებისთვის. მაგრამ, როდესაც მიზანი შენი ქვეყნის თავისუფლებაა და ამაყობ მისი წარსულით, კულტურითა და ტრადიციებით, სულ სხვა ენერგიით ქმნი მომავალსაც. თქვენ იმ ქვეყნების მეთაურები ხართ, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ძალიან კარგად იციან. ამიტომაც, საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ საქართველოში და თქვენთან ერთად გავხსნათ კრინიცას ეკონომიკური ფორუმი თბილისში, რომლის პირველ პანელს ეწოდება „ევროპა გუშინ, დღეს, ხვალ“, რაც ასევე სიმბოლური გახლავთ”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინაც, დღესაც და ხვალაც საქართველო თავისი მისწრაფებებით, კულტურით, ცხოვრების წესით, აზროვნებითა და ტოლერანტობით ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდით დგას, მათთან ერთად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიოს და დაძლიოს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები.