გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის მხარდაჭერას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის 
გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის მხარდაჭერას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის 

საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისათვის.

„ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.

თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ევროპული სარდლობის  მეთაური გენერალი სკაპაროტი იმყოფებოდა საქართველოში და გახსნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ისტორიული პროგრამა და ტრენინგის ინიციატივა, რაც წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში და, შესაბამისად, ზოგადად, ევროპაში უსაფრთხოების  სტაბილურობის საქმეში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე საქართველო მზად არის მიაღწიოს კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში, ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში.

„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-სთან ურთიერთქმედების განმტკიცების მხრივ. ჩვენი სტატისტიკა უკვე აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ბიუჯეტზე გამოყოფილი სახსრების ნატო-ს სტანდარტს – 2 პროცენტს, სამხედრო ტექნიკაზე გამოყოფილი 20 პროცენტის ჩათვლით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა შევიძინოთ აშშ-ს სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა.

აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. წელს, ბრიუსელის ნატო-ს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრება ნატო-ში კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მდივანო პომპეო, საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით გამოთქმული თქვენი მხარდამჭერი სიტყვებისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.