გიორგი კვირიკაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ
გიორგი კვირიკაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, მის მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან, სახელმწიფომ მტკიცედ, თანმიმდევრულად უნდა განაგრძოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების და ქვეყნის გამთლიანების პროცესი.

„ასეთმა გასაჭირმა უნდა გაგვამაგროს. არჩილის ოჯახს, მის მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, დიდი ყურადღება უნდა მიექცეთ და ჩვენმა სახელმწიფომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააგრძელოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი. არავის გვეპარება ეჭვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენი თაობის ვალია, ეს რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა, რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი.

„ორიოდე დღის წინ მიწას მივაბარეთ ქართველი ვაჟკაცის – არჩილ ტატუნაშვილის ნეშტი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ვინაიდან მტრებმა ვერ შელახეს მისი ღირსება. ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირი გახლავთ არჩილ ტატუნაშვილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.