გიორგი კვირიკაშვილი - არასოდეს შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ქვეყნის გასამთლიანებლად
გიორგი კვირიკაშვილი - არასოდეს შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ქვეყნის გასამთლიანებლად

საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მისი ნაწილი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული.

გიორგი კვირიკაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმაურება.

„ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია – 97 წლის წინ ქართველი პატრიოტებისა და იუნკერების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა.

საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე. ამის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამქრალა ჩვენს ერში და არ შეწყვეტილა ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა.

დღეს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მისი ნაწილი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მომავალ თაობას დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“,- აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი