გიორგი კვირიკაშვილი - ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი იქნება
გიორგი კვირიკაშვილი - ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის  განცხადებით, ანაკლიის პორტი და მისი შემოგარენი ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  იგეგმება, რომ 2020 წელს ანაკლიის პორტმა პირველი დიდი მოცულობის გემები მიიღოს.

“წელს დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდდოლარიანი ინვესტიცია, თუმცა პირველი ეტაპი სამ წელიწადში დასრულდება და ვგეგმავთ, რომ 2020 წელს მივიღოთ პირველი დიდი მოცულობის გემები. ეს არის დაახლოებით 500-დან 600 მლნ-მდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით,  მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. მთლიანად ამ პორტის ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

პრემიერის თქმით, მალე ასევე დაიწყება ორი თანამედროვე სტანდარტების მქონე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა.

“სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტზე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემკრები ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.