გიორგი კვირიკაშვილი - ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული, ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საქართველოში ჩატარდეს
გიორგი კვირიკაშვილი - ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული, ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საქართველოში ჩატარდეს

ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული – დავაფიქსირეთ სურვილი, რომ ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საქართველოში ჩატარდეს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეტანილი გვაქვს განაცხადი 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარებაზე ბაკურიანში და კანდიდატი ქვეყანა ვართ .

პრემიერის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ მთავრობამ დაამტკიცა ბაკურიანი-დიდი მიტარბის განაშენიანების გენერალური გეგმა, რათა თავიდან იყოს აცილებული სტიქიური განვითარება.

„თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება განსაკუთრებულ პრიორიტეტად დავისახეთ, 30-წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა კურორტი მიტარბი. აშენდა ახალი საბაგირო გზა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორი კი, 70 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

დიდველზე განხორციელდა  ხელოვნური გათოვლიანების პროექტი, რის შედეგად  სათხილამურო სეზონი 5 თვემდე ხანგრძლივდა.

სულ ცოტა ხნის წინ მთავრობამ დაამტკიცა ბაკურიანი დიდი მიტარბის განაშენიანების გენერალური გეგმა, რათა თავიდან ავიცილოთ სტიქიური განვითარება. ახალი გენგეგმით გათვალისწინებულია ბაკურიანი-დიდი მიტარბის ერთიან საკურორტო კლასტერად ჩამოყალიბება. შესაბამისად ერთიანი ხედვით დამუშავდება, როგორც განაშენიანების პროცესი, ისე, სათხილამურო არეალი. ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურის მაქსიმალურ განვითარებაზე, სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდასა და ერთმანეთთან დაკავშირებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს ერთიანი ზონა კიდევ უფრო მასშტაბურ შესაძლებლობებს ქმნის ამ არეალის ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებისთვის.

„თქვენ იცით, თუ რა ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული – დავაფიქსირეთ სურვილი, რომ ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საქართველოში ჩატარდეს. ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციამ ურთიერთშეწყობილად იმუშაოს, რათა ეს სანუკვარი ოცნება რეალურად ახდეს.

ამასთან, ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარებაზე ბაკურიანში, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და ვნახოთ, ამის შესახებ გადაწყვეტილება სულ მალე გახდება ცნობილი. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ დატვირთული მუშაობა გველის. ამ მუშაობის წარმატებისათვის და უკვე მიღწეულ შედეგებში თითოეული თქვენგანის როლი გახლავთ უმნიშვნელოვანესი.  ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მადლობა იმ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისათვის, რომლის შედეგადაც ყველა ეს პროექტი გახდა რეალობა ჩვენს რეგიონში, იმ რეგიონში, სადაც ახლა ვიმყოფებით და რომელიც გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი სტრატეგიული, ულამაზესი და უნიჭიერესი ხალხით დასახლებული რეგიონი“, – განაცხადა პრემიერმა.