გიორგი კვირიკაშვილი - ახალი მთავარი პროკურორი საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით უნდა შეირჩეს
გიორგი კვირიკაშვილი - ახალი მთავარი პროკურორი საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით უნდა შეირჩეს

ვფიქრობ, ირაკლი შოთაძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია და გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით უნდა შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი.

„მე მოვუწოდებ და დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი. პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ჩვენი საზოგადოება მთლიანად, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე თუ მის პროფესიონალურ მახასიათებლებზე ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროცესი დასრულდება კანონით გათვალისწინებული ვადების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებით.

„რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გუშინ თანამდებობა დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

 

დატოვე კომენტარი