გიორგი კვირიკაშვილი - აჭარას აქვს ძალიან მდიდარი პოტენციალი და ჩვენ ხელს შევუწყობთ აქ ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას
გიორგი კვირიკაშვილი - აჭარას აქვს ძალიან მდიდარი პოტენციალი და ჩვენ ხელს შევუწყობთ აქ ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციაზე აჭარაში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აჭარაში სრულდება ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, ეს არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე საავტომობილო მიმოსვლას გააადვილებს.

„აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას. ქობულეთის შემოვლითი გზის გარდა, მიმდინარეობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ბათუმის შემოვლითი გზის 14კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ამასთან, მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით, 2020 წლისთვის დაგეგმილია ახალი, 47 კმ-იანი გზის გახსნა. ეს იქნება მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც მგზავრობის დრო ამ მიმართულებით საათნახევრით შემცირდება. ასევე დაგეგმილი გვაქვს ბათუმი – სარფის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ეს იქნება ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 55 მილიონ ლარს აჭარბებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში აჭარაში 21 პროექტი განხორციელდა, რაც მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და სხვა მიმართულებებს, ჯამური ინვესტიციის მოცულობა 43 მილიონი ლარია.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები 900-მდე სამუშაო ადგილს ქმნის.

„ამავე პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში 520 პროექტია მხარდაჭერილი. თანადაფინანსების სახით 4 მილიონი ლარი გავეცით. პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ათობით ჰექტრამდე ფართობზე გაშენდა ახალი ბაღები. ჩვენ მობილიზებული გვაქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამის ნათელი მაგალითია კურორტი გოდერძი, სადაც აქტიური განვითარების პროცესი მიმდინარეობს – უკვე მოეწყო შიდა გზები, შენდება 10-ზე მეტი ახალი სასტუმრო, მოეწყობა კიდევ 1320 მეტრის გზა და გვირაბი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, იგეგმება „მწვანე ტბის“ ტერიტორიის განვითარება, უკვე დაწყებულია გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება.

„დარწმუნებული ვარ, კურორტი გოდერძი 4 სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით იგეგმება უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება – ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის მწვანე კონცხი ბოტანიკურ ბაღს ახალი საბაგირო გზით დაუკავშირდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წელს ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რაც კიდევ უფრო დიდი სტიმულია.

„აჭარას აქვს ძალიან მდიდარი პოტენციალი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს აქ ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია აჭარაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ეკონომიკის წინსვლისთვის. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონს შეემატა 160 განთავსების ობიექტი, მათ შორის, როგორც მაღალი კლასის მსხვილი სასტუმროები, ასევე, საოჯახო ტიპის სასტუმროები, ჰოსტელები და სხვა. უმნიშვნელოვანესია, რომ ტურიზმი ხდება შემოსავლების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ჩვენი მოქალაქეებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ ზურაბთან ერთად ვისაუბრეთ, აუცილებელია, ყოველდღიურად იყოს 4 რეისი, დილით და საღამოს ჩამოფრენა-გაფრენა დედაქალაქიდან, რათა როგორც დილით, ისე საღამოს მომავალ მგზავრს ჰქონდეს დროულად წასვლა-წამოსვლის საშუალება და დედაქალაქთან კავშირი იყოს უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ტურიზმის ხელშეწყობისთვის, ასევე მეწარმეებისთვის და საქმიანი ადამიანებისთვის, რათა მათ დროული კავშირი შეძლონ დედაქალაქთან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნავს მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებზე და მათ მაქსიმალურად გვერდში უდგას.

„დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომელიც ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ არის ისტორიული მნიშვნელობის. სამუშაოების 65% უკვე შესრულებულია. პირველ ეტაპზე პროექტი 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. აჭარაში მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს 215 სოფელს და, შესაბამისად, ამ სოფლების მოსახლეობა სარგებლობს ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველა შეღავათით. რაც შეეხება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებს, ჩვენ ამ მიმართულებით კომპლექსურად ვმუშაობთ. როგორც იცით, პარალელურად ხორციელდება რამდენიმე პროექტი. სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, აჭარაში გაიხსნა 13 ახალი საწარმო და გაფართოვდა 6 საწარმო. ახალი საწარმოების სრული ინვესტიცია 10 მილიონ დოლარზე მეტია. ჩვენ 400 ათასი დოლარის გრანტი გავეცით. ეს პროექტები 840-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ რეგიონში კოოპერატივების განვითარებას. აჭარაში უკვე 120-მდე კოოპერატივი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აზიური ფაროსანას პრობლემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია იმ ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, რაც აზიურმა ფაროსანამ მოუტანა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

„აზიური ფაროსანას პრობლება არის ძალიან დიდი გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით მთავრობა მაქსიმალურად აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინტენსიურ ჩართულობას, მათი მხრიდან სპეციალისტების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ამ გამოწვევასთან გამკლავება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ბათუმის საზღვაო აკადემიას გადაეცა თანამედროვე სტანდარტების გემი „კადეტი“,
რომლის ღირებულება მილიონ რვაასი ათასი ლარია.

“აკადემიას თავისი 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში საკუთარი სასწავლო- საწვრთნელი გემი არ ჰქონია. ჩვენ უნდა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. ეს გემი აკადემიას საშუალებას მისცემს, უპასუხოს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც თითოეული სტუდენტი ვალდებულია, გაიაროს პრაქტიკა გემზე”, – აღნიშნა პრემიერმა.