გიორგი კვირიკაშვილი - 9 აპრილი ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ
გიორგი კვირიკაშვილი - 9 აპრილი ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ

9 აპრილი ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. პრემიერმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 29 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„დღეს 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც ბევრი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ შეეგუა 1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვას და მრავალი წლის შემდეგ, ამ ადამიანებმა თავგანწირვით შეძლეს, კიდევ ერთხელ გაეთავისუფლებინათ ქვეყანა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 9 აპრილი წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა.

„9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.

განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს და რომლის მსგავსიც არ მახსენდება. სწორედ ასეთი კონსოლიდაციით და მთელი ქვეყნის გაერთიანებით ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავრჩეთ ერთგული იმ იდეალებისა, რომლისთვისაც 9 აპრილის ღამეს აქ მდგომმა ადამიანებმა თავი გასწირეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო თბილისის მერმა კახა კალაძემ.