გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „კარარეზეს“ მოუგო და სერია A-ს მიუახლოვდა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია B-ს 36-ე ტურში დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.
ქართელი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. დაჩი ლორთქიფანიძე კი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. 54-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი კალომ გამოიყენა, 72-ე წუთზე თავი ფიორიმ გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი კალომ (90+6) დააფიქსირა.
„ფროზინონემ“ 75 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „ვენეციამ“ და „მონცამ“ და დარჩენილ სამ ტურში სერია A-ში გადასასვლელი ორი საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა მოუწევს. „კარარეზე“ (43) კი მე-10 ადგილზეა და გავარდნის საფრთხის ასაცილებლად სამ შეხვედრაში 3 ქულის აღებაც ყოფნის.