გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ იტალიის თასზე „ნაპოლი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ იტალიის თასზე „ნაპოლი“ დაამარცხა #1TVSPORT

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ იტალიის თასის 1/8 ფინალში შინ „ფროსინონესთან“ 0:4 დამარცხდა.

ქართველების დაპირისპირება ამჯერადაც ვერ ვიხილეთ. გიორგი კვერნაძე „ფროსინონეს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, ისევე როგორც ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე, „ნაპოლის“ მწვრთნელმა დაასვენა.

კვერნაძე სტანდარტულებს ასრულებდა, თამაშის გამწვავებასაც ცდილობდა, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოცდილი მარიო რუი თამაშობდა და გამწვავება უჭირდა. შეტევაში „ნაპოლისაც“ არაფერი გამოსდიოდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა მიზნის მისაღწევად მეორე ტაიმში ძირითადის რამდენიმე მოთამაშე შეიყვანა და 64-ე წუთზე მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც გამოჩნდა, მაგრამ ამ დროისთვის კვერნაძე უკვე გასული იყო, ის შესვენებისას შეცვალეს.

„ფროსინონე“ 65-ე წუთზე დაწინაურდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ ზუსტი და ეფექტური თავური დარტყმით სტუმრები ენცო ბარენეჩეამ დააწინაურა. გავიდა ხუთი წუთი და „ნაპოლის“ დაცვის შეცდომით ჯუზეპე კასომ ისარგებლა. დამატებულ წუთებზე კი მაროკოელებმა გაიტანეს. პენალტით ჯერ ვალიდ ჩედირამ ისარგებლა, ხოლო 90+5-ე წუთზე საბოლოო ანგარიში აბდუ ჰარუიმ დააფიქსირა.

„ფროსინონე“ პირველად გავიდა იტალიის თასის 1/4-ფინალში, სადაც „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ წყვილში უძლიერესს დაუპირისპირდება. მატჩი 9 იანვარს გაიმართება.