გიორგი კვერნაძე - ევრო 2025-ზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს და ახლა ქულაც არ უნდა დავკარგოთ #1TVSPORT
„ფროზინონესა“ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ კომენტარი გააკეთა შემოდგომის სანაკრებო შეხვედრებზე, რომელსაც რამაზ სვანაძის გუნდი 5 სექტემბერს „ბათუმი არენაზე“ მოლდოვასთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„მოლდოვასთან მატჩის მნიშვნელობა ყველას გათავისებული გვაქვს. ვემზადებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს, ამიტომ დარჩენილ მატჩებში ქულაც არ უნდა დავკარგოთ.
მოხარულები ვართ, რომ ბათუმში ვთამაშობთ. იმედია, გულშემატკივრები მოვლენ და ეს ჩვენთვის ორმაგი მოტივაცია იქნება“, – განაცხადა გიორგი კვერნაძემ.
მომდევნო მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი 9 სექტემბერს ვენლოში, ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს. საქართველოს ნაკრებს ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. 10 ქულით მესამე ადგილს შვედეთი იკავებს, ხოლო ნიდერლანდები 21 ქულით პირველ ადგილზეა.