გიორგი კვარაცხელია - „ლილო მოლში“ მშვიდი და უსაფრთხო შოპინგისთვის ყველა რეგულაცია მაქსიმალურად დაცული გვექნება
გიორგი კვარაცხელია - „ლილო მოლში“ მშვიდი და უსაფრთხო შოპინგისთვის ყველა რეგულაცია მაქსიმალურად დაცული გვექნება

„ლილო მოლში“ მშვიდი და უსაფრთხო შოპინგისთვის ყველა რეგულაცია მაქსიმალურად დაცული გვექნება, – ამის შესახებ „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ ორ კვირაში თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ და აღნიშნა, რომ პირველ ორ ტესტირებას სახელმწიფო დააფინანსებს.

„მთავარი გადაწყვეტილება მოვიდა ჩვენამდე, რომ 8 თებერვალს ვიხსნებით. ერთი კვირით გადმოიწია გახსნის თარიღმა. ეს არის იმის შედეგი, რომ ბევრი ვიკამათეთ, ბევრჯერ შევხვდით, ბევრჯერ გავარჩიეთ ეს საკითხი და დიდი მადლობა საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრს, რადგან თითოეული დღე ჩვენი მეწარმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ორმაგად სასიხარულოა, რომ ორშაბათიდან ტრანსპორტიც იხსნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, რადგან ჩვენ ქალაქის განაპირას ვართ და შესაბამისად, ყველა ასეთი სახის რეგულაციის მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანია. შაბათ-კვირას შეზღუდვა რჩება, თუმცა, როგორც ამბობენ, იმედია, ესეც მალე მოიხსნება. მთავარია, ყველა რეგულაცია დავიცვათ. სავაჭრო ცენტრში ის რეგულაციები რაც გვქონდა და რასაც ვასრულებდით, ძალაში რჩება. დაგვემატა ტესტირების საკითხი. ეს არის ორ კვირაში ერთხელ 20%-ის გატესტვა ჩვენი მეწარმეებისა და თანამშრომლების. პირველ ორ ტესტირებას სახელმწიფო დაგვიფინანსებს, შემდგომ უკვე ჩვენ. მაქსიმალურად გვექნება დაცული ყველა რეგულაცია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მშვიდი და უსაფრთხო შოპინგი იყოს „ლილო მოლში“, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბოლო შვიდი დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი ოთხ პროცენტამდე შემცირდა, შესაბამისად, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება. თუ რომელი შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 8 და 15 თებერვლიდან, იხილეთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი