
მიუკერძოებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით აქვს გათვალისწინებული. არცერთ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ეს ვალდებულება არ აქვს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი კოხრეიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა თამთა სანიკიძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც კოხრეიძემ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ნეიტრალური.
„სიტყვა ნეიტრალური იყო გამოყოფილი, რადგან შეიძლება, რომელიღაც პარტია თუ რომელიღაც ჯგუფი მეტჯერ იყო ნაჩვენები, რომელიღაც – ნაკლებად, მაგრამ მახსოვრობას აქვს ერთი მომენტი – ერთხელ დაანახებ ადამიანს და ათჯერ დაანახებ, შეიძლება, განსხვავებულად დაიმახსოვროს, მაგრამ ათჯერ დაანახებ და ასჯერ დაანახებ, პრაქტიკულად, ერთნაირად ამახსოვრდება. შესაბამისად, ნეიტრალურობა გამოხატავდა იმას, რომ გარკვეული დისბალანსი არ იყო დარღვეული, ნეიტრალური იყო ტელევიზია. შესაბამისად, თუ, სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, ეს ტელევიზია იყო ნეიტრალური, გამოდის დასკვნა, რომ სხვა ნებისმიერი ტელევიზია არის მიკერძოებული. მიუკერძოებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით აქვს გათვალისწინებული. არცერთ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ეს ვალდებულება არ აქვს. მიუკერძოებლობიდან გამომდინარე, ზუსტად ამ პრინციპიდან გამომდინარე, დგება საკითხი, რა ფორმატის გადაცემა შეიძლება იყოს“, – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.
ამასთან, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრმა განაცხადა, საქართველოში დღეს ჯერჯერობით დებატების კულტურა არ არის.
„ჩვენ ორი დღის წინ ვნახეთ, ქვეყანაში დღეს ჯერჯერობით დებატების კულტურა არ არის. არ შეუძლიათ ადამიანებს, დასხდნენ და ისაუბრონ. შესაბამისად, შეუძლებელია, თანაბრად წარმოადგინო დებატების დროს ორი მხარე. მაშინ რა უნდა გააკეთო? ის, რომ ადამიანებს მისცე საშუალება, მოიყვანო თავისი სათქმელისთვის, ყველა მათგანმა უნდა თქვას. შეიძლება, წახვიდე ადამიანი ასეთ რისკზეც, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია ამის განხორციელება. სამწუხაროდ, ამ ხალხს თავიანთი პრობლემის გაჟღერება ნაკლებად სურს, მათ სურთ, ჰქონდეთ ტრიბუნა, ტრიბუნისთვის იბრძვიან. დააკვირდით სიტყვებს. გვედავებიან, რომ პირველმა არხმა დაარღვია შეთანხმება, ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვებაო, ჩვენ უნდა მივიდეთ და გავიმარჯვოთო. რას ნიშნავს, შეთანხმება თუ დაირღვა, იქ რა მოპოვებასა და მტერზე გამარჯვებაზეა საუბარი? საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ მდგომარეობაში შევიდა. ზუსტად შეასრულა ის ფუნქცია, რომ ის მუხტი, დაძაბულობა არ წასულიყო მაღლა, მისცა ადამიანებს საშუალება, თავისი სათქმელი ეთქვა. სამწუხაროდ, ბევრ ბავშვს, ჩემგან დიდი ბოდიში, მაგრამ გაცნობიერებული არ გაქვთ, რას აკეთებთ. თქვენ იმედგაცრუებისთვის ხართ განწირული ამ უნამუსო პოლიტიკოსებისგან.
ჩვენ ვნახეთ, მაუწყებლის ეთერში იჯდა ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ეგონა, რომ მთელ ერს ატყუებდა და კარგი იყო, რომ ის პასუხიც მიიღო და კიდევ უფრო მეტი უნდა მიეღო. ამას აკეთებენ და ჰგონიათ, რომ გაუვათ. ეს არსად გაუვათ. დადიან აღმა-გაღმა და ეწევიან საქმიანობას, რომელიც საქართველოში იყო ყველაზე საძულველი. სამწუხაროდ, ამას რუსული ტერმინი ერქვა, იყვნენ „დანოსჩიკები“. რას აკეთებს ბორდის ზოგიერთი წევრი, რომელიც უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ტელევიზიას ხელი შეუწყოს? ტელევიზიას უკეთებს ოპონირებას, მტრობს. მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ბორდი სხვანაირია, რომელიც კრიტიკულად უდგება. კანონში ასეთი არ არის, ჩვენ ვართ მეურვეები. რომელ ინტერესთა კონფლიქტზე მელაპარაკებიან, საერთოდ იციან, რა არის ინტერესთა კონფლიქტის მნიშვნელობა და დეფინიცია?“ – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.
კითხვაზე, – „როგორ უნდა შეასრულოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც არა საზოგადოების დაპირისპირებასა და დაყოფაზე ორიენტირებულმა, არამედ პირიქით, გამაერთიანებელი ფუნქციის მქონე ტელევიზიამ თავისი როლი“ – კოხრეიძემ აღნიშნა:
„მიუკერძოებლად უნდა მისცეს საშუალება, გამოუშვას ორთქლი, ყველამ თქვას თავისი სათქმელი. ისე უნდა გააკეთოს, რომ როგორმე დაპირისპირების, დუღილის ტემპერატურამ არ აიწიოს. ამისთვის საჭირო არ არის ისეთი მოქმედებების გაკეთება, რასაც ვიღაცები გარედან ცდილობენ. ამას ძალიან დიდი სიბრძნე და გონება სჭირდება. მაუწყებელი ამ სახით თუ არ იქნება, ჩათვალეთ, რომ ომის და დაპირისპირების შანსი ერთი ასად მატულობს. ხალხს მაუწყებლის ნდობა აქვს. იმათ შეიძლება უყურებდეს, მაგრამ ნდობა არ აქვს. ეს გამოკითხვებმა აჩვენეს თავის დროზე. შესაბამისად, ადამიანები, როდესაც უკვე კრიტიკულ სიტუაციამდე მიდიან, აუცილებლად ჩნდება იქ რაღაც იმედი. ეძებენ იმედს და აუცილებლად უნდა იყოს ისეთი სივრცე, სადაც დარწმუნებული იქნებიან, რომ გაიგებენ სიმართლეს. როდესაც დაპირისპირება იზრდება და მიდის ომისკენ, სიმართლე იკარგება. ამიტომ არის აუცილებელი მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც აქამდე არ მიიყვანს საზოგადოებას“, – აღნიშნა კოხრეიძემ.
ამასთან, რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს სხდომის მოწვევის საკითხს, როგორც კოხრეიძემ აღნიშნა, სხდომის მოწვევას თავისი წესი აქვს.
„სხდომას იწვევს ან დირექტორი, ან თავმჯდომარე, ან ოთხი წევრი. შესაბამისად, მე არ ვიცი, ჩემთან არავინ მოსულა. თქვენთან იყო ვინმე და ითხოვა, რომ მეოთხე წევრი ყოფილიყო და მოწვეულიყო სხდომა? ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სამი წევრით მოწვევა კანონით არ შეიძლება. შესაბამისად, მისულიყო ვინმესთან, იქნებ ის ეთანხმება ან იქნებ თავმჯდომარე ეთანხმება. მაგრამ არა, უნდათ თქვან, რომ გვინდოდა და არ გავაკეთეთ. არც არავინ მოსულა. ვინმე თუ იტყვის, რომ ეს გავაკეთეო, ეს იქნება ტყუილი“, – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.