გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიაში გაფიცვის საფუძველს ვერ ხედავს
გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიაში გაფიცვის საფუძველს ვერ ხედავს

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებენ.

პარალელურად საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე დათანხმდა დირექტორის გიორგი კოხრეიძის წინადადებას და ორივე შეთავაზების ხელშეკრულებაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუს პროდიუსერობა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობაზე ხელი მოაწერა.

„ვფიქრობ შეთავაზება ნაჩქარევი იყო, რომ ცხელ გულზე მიმეღო მაუწყებლიდან წასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება პარალელურადაც არის შესაძლებელი, ამიტომ ორივე შეთავაზებას მოვაწერე ხელი“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

როგორც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე ამბობს, მაია მერკვილაძის გარდა სხვა თანამშრომლებსაც ემუქრებათ საფრთხე, ამიტომ გაფიცვა ძალაში რჩება.

„მთავარი მოთხოვნა იქნება შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები“, – განაცხადა თეონა ხარაბაძემ.

ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე კი ამბობს, რომ გაფიცვის საფუძველი უკვე აღარ არსებობს. მაია მერკვილაძე კი დაიკავებს შეთავაზებული ორი პოზიციიდან ერთ-ერთს.

„ვთქვი, რომ შევთავაზებდი იმაზე მეტს, ვიდრე მოელოდა, მას აქვს სრული თავისუფლება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, ორი შეთავაზებიდან რომელ პოზიციაზე იქნება მერკვილაძე. გაფიცვის საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცა მათი უფლებაა. ადამიანი ხელს აწერს შეთავაზებას ან არ აწერს და მიმართავს სასამართლოს“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ჟურნალისტების უკმაყოფილების მიზეზი გახდა დირექტორის გადაწყვეტილება სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით გაუქმდა ოთხი სამსახურის უფროსის მოადგილის, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი. ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებით დირექტორმა საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე.

გიორგი კოხრეიძემ კი განაცხადა, რომ ცვლილება ეფექტური მართვისთვის განახორციელა და გაუქმებულ შტატებზე მყოფ ყველა თანამშრომელს ახალ პოზიციებს შესთავაზებდა.