გიორგი კოხრეიძე - აჭარის ტელევიზიაში სამუშაო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, საინფორმაციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება
გიორგი კოხრეიძე - აჭარის ტელევიზიაში სამუშაო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, საინფორმაციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება და ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ვარაუდებია გამოთქმული.

მისივე თქმით, აჭარის ტელევიზიაში სამუშაო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„აჭარის ტელევიზიაში ამჟამად აბსოლუტური სიმშვიდეა, მუშაობის პროცესი მიდის. რაც შეეხება მათ პროტესტს და იმას, რომ რაიმე ემუქრება საინფორმაციო დამოუკიდებლობას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ვარაუდებია“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

კითხვაზე, რომ თანამშრომლების ნაწილი სამართლებრივ დავას აპირებს, გაფიცვის პროცედურებს აგრძელებს, და რამდენად აქვთ შანსი, კოხრეიძემ უპასუხა, რომ ყველა უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას.

„არ ვიცი, ვნახოთ, ვიდავოთ სამართლებრივად. ვნახოთ, რა იქნება. დაველოდოთ, გაიფიცებიან თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით. სამუშაო პროცესს პრობლემა არ შეექმნება“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

რაც შეეხება პროცესებში პარლამენტისა და სახალხო დამცველის ჩართვის საკითხს, კოხრეიძე აცხადებს, რომ შესაძლოა დაინტერესდეს ნებისმიერი პირი, ვისაც სურვილი აქვს.

„ვისაც სურვილი აქვს, ნებისმიერი შეიძლება დაინტერესდეს. პრობლემა არ არის, ნებისმიერს გავცემთ პასუხს“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესებს სასამართლოში „იემსი“ დაიცავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.