გიორგი ხუბულური - სტუდენტებს უმაღლესის დამთავრების შემდეგ შეუძლიათ, შესაბამისი საკანდიდატო კურსი გაიარონ და თავდაცვის ძალებს სამეთაურო თანამდებობებზე შეუერთდნენ
გიორგი ხუბულური - სტუდენტებს უმაღლესის დამთავრების შემდეგ შეუძლიათ, შესაბამისი საკანდიდატო კურსი გაიარონ და თავდაცვის ძალებს სამეთაურო თანამდებობებზე შეუერთდნენ

სტუდენტებს უმაღლესის დამთავრების შემდეგ შეუძლიათ, შესაბამისი საკანდიდატო კურსის გავლის შემდეგ სამეთაურო თანამდებობებზე შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს და მათი სამსახური დაიწყოს ლიდერულ პოზიციაზე, – ამის შესახებ თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სერჟანტმა, გიორგი ხუბულურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ საკმაოდ მრავალფეროვანი წინსვლისა და განვითარების საშუალება ბევრი მიმართულებით და ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც თავდაცვის ძალებში არსებობს. ეს არის საკმაოდ დახვეწილი და მიზანმიმართული კარიერული პერსპექტივა ყველა ახალგაზრდისთვის, სადაც შეუძლიათ, თავის თავში დანახული უნარ-ჩვევები განავითარონ და მაქსიმალურად ნაყოფიერად განახორციელონ სამსახური“, – განაცხადა ხუბულურმა.

მისი თქმით, პროგრამის, „ჯარის ბანაკის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, მათივე ინიციატივით მომხდარიყო სამხედრო ნაწილებში სტუმრობა და ადგილზე ენახათ იქ არსებული საყოფაცხოვრებო პირობები, თუ რა პირობებში გადიან სამხედროები წვრთნა-მომზადებას, ხოლო სტუდენტებში დაინტერესება არის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის და ოფიცრის კარიერის განვითარების მიმართულებით.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ეტაპზე მოზარდები შეირჩნენ იმ მაღალმთიანი რეგიონების 41 სკოლიდან, სადაც განათლების სამინისტრო საპილოტე პროგრამებს, „სამხედრო საქმეს“ და „თავდაცვას და უსაფრთხოებას“ ახორციელებს, ამ პროგრამის მონაწილეების გარდა, როდის მოიცავს, მათ შორის, პროგრამა „ჩვენი ჯარი“ სხვა რეგიონებს და სკოლებს, გიორგი ხუბულურმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს თითქმის ყველა სკოლა იყო დატვირთული ქვეყნის მასშტაბით და რომელ სკოლაშიც შესვლა ვერ მოხერხდა, დანაკლისის შევსება მომავალ წელს იგეგმება, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს საშუალება, გარკვეული კლასების პერიოდში ინფორმაციული ინტერესი შეივსოს.

„„ჩვენი ჯარის“ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მე-9 კლასი და ზემოთ სკოლის მოსწავლეები და ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმ შეთავაზებებიდან, რაც შეიძლებოდა, ამ კლასების მიმართულებით გაევრცელებინა თავდაცვის ძალებს. უფრო დაბალ კლასებში ამ ეტაპზე ჯერჯერობით რამე სიახლე არ იგეგმება“, – განაცხადა ხუბულურმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა და რა შეცვალა პროექტმა, გიორგი ხუბულურმა აღნიშნა, რომ დაინტერესებიდან და ვიზიტების ინტენსივობიდან გამომდინარე, პროექტის მიზნის უმეტესი ნაწილი მიღწეულია.