გიორგი ხოჯევანიშვილმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა გააცნო
გიორგი ხოჯევანიშვილმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა გააცნო

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა.

რწმუნებულის თქმით, უახლოეს დღეებში რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება მოხდება.

შეხვედრაზე ფერმერებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა ჩვენი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი და კარგი შესაძლებლობაა, რათა დროულად და შედეგზე ორიენტირებულად განაგრძონ აგროწარმოება. სახელმწიფო ამით ხელს უწყობს როგორც თითოეული ფერმერის კეთილდღეობას, ისე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, რაც თავის მხრივ აისახება ადგილობრივი ბაზრის გაძლიერებაზე“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მთავრობის მიერ წარდგენილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

პროგრამით ისარგებლებს 200 000-მდე ფერმერი. პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.