გიორგი ხოჯევანიშვილი - მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დავრჩეთ სახლში, საქმე მაქსიმალურად დისტანციურად ვაკეთოთ
გიორგი ხოჯევანიშვილი - მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დავრჩეთ სახლში, საქმე მაქსიმალურად დისტანციურად ვაკეთოთ

მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დავრჩეთ სახლში, საქმე ვაკეთოთ მაქსიმალურად დისტანციურად, – ამის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრები და ვიდეოკონფერენციები სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, ასევე ქსელური მაღაზიებისა და აგრარული ბაზრის ხელმძღვანელებთან.

გუბერნატორმა არსებულ შეზღუდვებსა და ვითარებაზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

მისივე თქმით, რეგიონში ყველა ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდა დეზინფექცია, ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრთან და სამართალდამცავებთან ერთად, მიმდინარეობს თვითიზოლაციის პროცესის მონიტორინგი.

სახელმწიფო რწმუნებული მედიკოსებსა და სამართალდამცავებს მადლობას უხდის.

„მინდა, მედიკოსებსა და სამართალდამცავებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, ისევ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის დავრჩეთ სახლში, საქმე ვაკეთოთ მაქსიმალურად დისტანციურად. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ სამართალდამცავებთან, რომ კოორდინირებულად გავატაროთ ყველა პრევენციული ღონისძიება. ამ დროისთვის ყველა ადმინისტრაციულ შენობაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და სკოლებში  არაერთგზის ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები. შევხვდით მაღაზიებისა და აგრარული ბაზრის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არსებობს.

„მარაგებთან დაკავშირებით დღეისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, სადისტრიბუციო კომპანიებმა არ მოახდინონ ფასებით სპეკულირება. იკეტება კვებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების რისკი. ასევე შევხვდით სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს, შეიზღუდა და შემცირდა ტრანსპორტის მოძრაობა, როგორც მუნიციპალიტეტის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შემცირდა როგორც სამარშუტო ავტომობილების რაოდენობა, ასევე ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირე. ეს არის გადაწყვეტილებაც, რომელიც ამ დროისთვის იქნა მიღებული”- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

ამასთან, რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 57 პირი იმყოფბა, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში კი, 55 მოქალაქე რჩება.