გიორგი ხოჯევანიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ, მათი დანიშვნის პროცესს სრულად დაკარგული აქვს ნდობა
გიორგი ხოჯევანიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ, მათი დანიშვნის პროცესს სრულად დაკარგული აქვს ნდობა

მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ, მათი დანიშვნის პროცესს სრულად დაკარგული აქვს ნდობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს გააგრძელა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს არის ის პროცესი, რომელიც არ შეაჩერეს, ამით კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენენ საზოგადოებაში, ისედაც საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობა სრულად დაკარგული აქვს ამ პროცესს; ამის გარდა, კითხვები არის ჩვენი საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ პროცესთან მიმართებაში და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის გამჭვირვალე, ეს არ არის საზოგადოების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროცესი, ჩვენ ბუნებრივია აღნიშნულ კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ. რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი, რომელიც პარლამენტში ვართ წარმოდგენილი სრულად ყველა მოსამართლის განხილვას ესწრებოდა და არც ერთ კითხვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან დაისვა არ მიგვიღია სათანადო, გონივრული და ადეკვატური პასუხები“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, დაიწყოს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მათ მიერ პარლამენტში არის წარდგენილი.

„იმისთვის, რომ დაიწყოს გამჭვირვალე პროცესები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და გარკვეული ნდობა გაჩნდეს სასამართლო სისტემის მიმართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიციატივები, კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაიწყოს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჩვენ მიერ არის წარდგენილი“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.