გიორგი ხოჯევანიშვილი - მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება არ ემყარება არანაირ არგუმენტებს, ვითხოვთ, დაიწყონ გამოძიება
გიორგი ხოჯევანიშვილი - მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება არ ემყარება არანაირ არგუმენტებს, ვითხოვთ, დაიწყონ გამოძიება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება ეფუძნება მხოლოდ ჭორაობას და არა არგუმენტებს.

მისი თქმით, გამოძიება უნდა დაიწყოს და საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, რომ ბრალდებას საფუძველი არ აქვს.

„მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება არ ემყარება არანაირ არგუმენტებს, მხოლოდ ჭორაობასა და არასერიოზულ საუბრებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, დაიწყონ გამოძიება, რადგან ეს არის სერიოზული ბრალდება და საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ ასეთ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.