გიორგი ხოჯევანიშვილი - აუცილებელია, ნატო-ს სამიტის წინ გავაქტიურდეთ და უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ
გიორგი ხოჯევანიშვილი - აუცილებელია, ნატო-ს სამიტის წინ გავაქტიურდეთ და უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ

დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა ისრაელში მიმდინარე პროცესებზე საუბრით დაიწყო.

ხოჯევანიშვილმა თითოეული გარდაცვლილი და დაზარალებული ადამიანის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ქვეყანა უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ისრაელში მიმდინარე პროცესებს. მწუხარებას გამოვთქვამ თითოეული გარდაცვლილი, თუ დაზარალებული ადამიანის გამო და იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე დასრულდება ეს გაუგონარი აგრესია, რისი მოწმეებიც ჩვენ ყველანი ვართ. აქვე, მინდა, გავამხნევო ჩვენი ებრაელი და ქართველი მეგობრები, რომლებიც ცხელ წერტილებში არიან და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ისაუბრა ბრიუსელში ერთ თვეში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სამიტის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და კითხვა არსებობს.

„ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და ნატო-სთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მქონე ხდება შავი ზღვის უსაფრთხოება. შავი ზღვის კონტექსტში დისკუსიის ცენტრში არის მოქცეული მხოლოდ უკრაინა. საინტერესოა, რით არის ეს განპირობებული. ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ჩვენი პასიურობით და კონკრეტული გეგმის არარსებობით.

ბუნებრივია, რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესიული ქმედებები უკრაინის გარშემო დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ბორდერიზაციისა და დესტაბილიზაციის მრავალი და თითქმის ყოველდღიური შემთხვევები გვაქვს. აუცილებელია, რომ სამიტის წინ გავაქტიურდეთ და უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ.

ეს პროცესი არ არის მხოლოდ ნატო-ზე დამოკიდებული და მოითხოვს ჩვენს აქტიურ ძალისხმევას. გვჭირდება კონკრეტული ხედვა, ამოცანები და გეგმები სამიტთან დაკავშირებით – რა შედეგებს გვინდა მივაღწიოთ და რა ამოცანებით მივდივართ სამიტზე – ამ ყველაფერზე პასუხია გასაცემი“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისივე შეფასებით, მიზანშეწონილი იქნება ევროპული დედაქალაქების პოლიტიკურ ცენტრებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, რადგან საქართველოს შესახებ საუბარი არ იყოს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებისა და ფორმალობის ნაწილში.

„მეორე საკითხი აღნიშნული მიმართულებით – სრულდება ჩვენი ხანგრძლივი და მასშტაბური მისია ავღანეთში. დამეთანხმებით, რომ მასშტაბური სამხედრო მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ნატო-სა და მოკავშირეებთან საუბრისას. რა გეგმა გვაქვს, როდესაც ეს დასაყრდენი წლის ბოლომდე აღარ იქნება. აქ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ნატო-სა და მოკავშირეებთან ახალი დღის წესრიგის შექმნა და ურთიერთობების გაღრმავება. დღეს ჩვენს რეგიონში დიდი ცვლილებებია – დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო და ამ ფონზე პრინციპულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველომ პროაქტიულად წარმოაჩინოს საკუთარი როლი, ადგილი და მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.