გიორგი ხელაშვილი - როგორც ამბობენ, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის კი საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა
გიორგი ხელაშვილი - როგორც ამბობენ, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის კი საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა

როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის საჭიროა, არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

გიორგი ხელაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვს.

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მიაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ საუბარი რაზე იყო. რაც ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იყო ის, რომ ქართულ ოპოზიციას ბატონმა მიშელმა მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და დრო დაგვითქვა, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გარკვეულ პროგრესს უნდა მივაღწიოთ. ვფიქრობ, ეს პროგრესი შეიძლება მიღწეული იყოს. როგორც ამბობენ ხოლმე ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის საჭიროა, არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა“, – განაცხადა ხელაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია საკუთარ ქმედებებზე უნდა დაფიქრდეს.

„ნახეთ, პირველივე საათებში, როგორც კი მოლაპარაკება დასრულდა, რა ხდებოდა პარლამენტის გარეთ. ის, რაც პარლამენტის გარეთ ხდებოდა ნებისმიერი შიდა და გარე დამკვირვებლისთვის ძალიან მსგავსი იყო იმის, რაც ხდებოდა კაპიტოლიუმის გარეთ 6 იანვარს. 4 მარტსაც დაანონსებულია კაპიტოლიუმთან რაღაც არეულობა. შესაბამისად, ეს ტაქტიკა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების და მასზე თავდასხმის მარტო ქართული მოვლენა არ არის. ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს იმაზე, მათ რა უნდათ. უნდათ მათ მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა თუ რეალურად შედეგის მიღწევა სურთ. ექვსი საკითხი, რომელიც სავარაუდოდ განიხილება, ყველა მოლაპარაკების თემაა. ოპოზიციის მხრიდან ისე წარმოდგენა, რომ იქ რაღაც წინასწარ არის შეთანხმებული ეს აბსურდი და არასწორია. ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც პოზიციების შეჯერება უნდა მოხდეს. ეს, რომ წინასწარ გადაწყვეტილი ყოფილიყო მაშინ  ორკვირიანი ვადა მოლაპარაკებებითვის და დიალოგის აუცილებლობა საჭირო აღარ იქნებოდა“, – განაცხადა ხელაშვილმა.