გიორგი ხელაშვილი - პროკურატურა თუ დაასაბუთებს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა საჭიროა, ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება
გიორგი ხელაშვილი - პროკურატურა თუ დაასაბუთებს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა საჭიროა, ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაასაბუთებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა საჭიროა, ამ კუთხით პრობლემა არ იქნება.

„შემიძლია მხოლოდ ჩემი პოზიცია გითხრათ, თუ პროკურატურა დაასაბუთებს, რომ ნიკა მელიასთვის საჭიროა იმუნიტეტის მოხსნა, აქ პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.