გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება
გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება

ხელისუფლებამ პანდემიის, შიდაპოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, შეძლო, დაეცვა და გაეძლიერებინა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. ოპოზიციის მხრიდან უსაგნო ბრალდებების, ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველო მჭიდროდ მიუახლოვდა ნატო-ს წევრობას, საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-სა და ევროკავშირში, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ბოლო თვეებში, დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე პერიოდის გავლა მოუხდა.

„მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკური პრობლემები თავისთავად ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისათვის უდიდესი გამოწვევა იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ამას დაერთო ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი და შემდეგ სპეციალურად გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც არა მარტო ხელი შეუშალა მთავრობას რეალური პრობლემების დაძლევაში, არამედ დააზიანა საქართველო და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ეს ადამიანები პარლამენტის ტრიბუნიდან ცინიკურად აცხადებენ, რომ ხალხი პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვს მაშინ, როდესაც თვითონ 7-თვიანი ნგრევის მეტი არაფერი უკეთებიათ, ყველაზე ხმამაღლა აღვივებდნენ შუღლსა და დაპირისპირებას. საბედნიეროდ, ოპოზიციის მცდელობა, ხელი შეეშალათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარებისთვის, უშედეგოდ დასრულდა. დღეს ვხედავთ, რომ პანდემია უკან იხევს და ეკონომიკური მაჩვენებლებიც გვაძლევს იმედს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად გამოსწორებას იწყებს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილის განცხადებით, რადიკალურმა ძალებმა ხელი უნდა მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას, შეასრულონ მოსახლეობის ნება და დაასრულონ სახელმწიფოსთვის საზიანო პოლიტიკა, ვინაიდან საქართველოს დიდი გამოწვევები აქვს, ვიდრე ცალკეული პარტიები თავიანთი ვიწრო თვალსაწიერიდან აცნობიერებენ.

„ხელისუფლებამ პანდემიის და შიდაპოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, შეძლო, დაეცვა და გაეძლიერებინა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ოპოზიციის მხრიდან უსაგნო ბრალდებების მიუხედავად, საქართველო მჭიდროდ მიუახლოვდა ნატო-ს წევრობას, სხვათა შორის, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, ოპოზიციის მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში და ევროკავშირში “, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.