გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციის პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნოს რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტოს კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები
გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციის პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნოს რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტოს კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გუშინდელმა სხდომამ ცხადად აჩვენა, რომ ევროკავშირი დიდად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, ასევე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

ხელაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერასთან ერთად, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საჯაროდ, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები ეუთო-ს შეფასებით იყო თავისუფალი და სამართლიანი.

„მისივე განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მან ასევე დაბეჯითებით აღნიშნა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება საქართველოში დემოკრატიის ფუნქციონირებას, რომ პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ამით მოუწოდა ოპოზიციას, შეიკავოს თავი კონფრონტაციული რიტორიკისაგან და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში.

საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამგვარად თანხმდება, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო კომპრომისები აუცილებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელის ვიზიტმა კიდევ უფრო გაზარდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტს ანტიდასავლური პროპაგანდის მორიგი ტალღა მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთის გზავნილები ოპოზიციის ვიწროპარტიულ მოლოდინებს არ ამართლებს, ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლები ავტომატურად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. მსგავსი ქცევა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისითვის ცალსახად დამაზიანებელია და, მით უმეტეს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ძიების პროცესში ყოვლად დაუშვებელია“, – აღნიშნა ხელაშვილმა.

ამასთან, გიორგი ხელაშვილის განმარტებით, მოუწოდებს ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს, რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს გაემიჯნოს.

„ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნოს რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტოს კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.