გიორგი ხელაშვილი - ერთი ინდივიდის განცხადება, რომელიც შეთანხმების ობიექტია და არა ხელმომწერი, არ არის საკმარისი, რომ დოკუმენტი გადაიხედოს
გიორგი ხელაშვილი - ერთი ინდივიდის განცხადება, რომელიც შეთანხმების ობიექტია და არა ხელმომწერი, არ არის საკმარისი, რომ დოკუმენტი გადაიხედოს

ერთი ინდივიდის განცხადება, რომელიც შეთანხმების ობიექტია და არა ხელმომწერი, ბუნებრივია, არ არის საკმარისი, რომ შეთანხმება გადაიხედოს. ამ დოკუმენტის ნებისმიერი რევიზია არის წასვლა შეთანხმების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა მზად არის, დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულოს.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ შეთანხმებას მთლიანად შევასრულებდით მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პუნქტი, როგორც ითქვა თავიდანვე არ არის ჩვენთვის მისაღები. სწორედ ეს მომენტია, როდესაც მელია და სხვები ცდილობენ, ოპოზიციას,​ დაარღვევინონ შეთანხმება, გავიდნენ ამ შეთანხმების სივრციდან, რაც არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმება მელიას შესახებ, ეს არის შეთანხმება ქვეყნის მომავლის შესახებ, ეს არის შეთანხმება ქართული პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების შესახებ და ყველაფერთან ერთად ამ შეთანხმებას ჰყავს გარანტორები, რომლებიც არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ერთი ადამიანის განცხადება გირაოსთან დაკავშირებით, რომელიც მას უნდა მიეღო თვეების წინ და აპირებს, ახლა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, დატოვოს გირაოთი ციხე, რა თქმა უნდა, რეალობას და მომავალს ვერ შეცვლის“, – განაცხადა ხელაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელია დღეს ციხიდან განცხადება გაავრცელა. მელია ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას დაეთანხმება.