გიორგი ხელაშვილი - დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით ახლო და დინამიური გახდება
გიორგი ხელაშვილი - დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით ახლო და დინამიური გახდება

მინისტერიალი არის მოსამზადებელი ეტაპი, რათა გავარკვიოთ და დადგინდეს, რა ფორმა მიეცემა ნატო-საქართველოს ახალ ურთიერთობას, ის, რომ რაღაც დადებითი მოხდება, არა რწმენა, არამედ მოლოდინია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ხელაშვილის თქმით, პოზიტიურ მოლოდინს ქმნის ის ფაქტი, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში არიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მუდამ მხარს უჭერდნენ ევროატლანტიკური კავშირის გაძლიერებას, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშნელოვანი მიმართულებაა.

„შეიძლება, მე იმასაც ველოდებოდე, რომ ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება, ვიდრე იყო პრეზიდენტ ობამას დროს, რომ არაფერი ვთქვათ ტრამპის პრეზიდენტობაზე. შესაბამისად, საქართველო უნდა უყოს მზად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს სამომავლო მოლაპარაკებებში. ძალიან კარგია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოსთან ნატო-ს მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე, რაც შეიძლება წავიკითხოთ როგორც მოწოდება მაპის, მოქმედების გეგმის მინიჭებაზე. რამდენად განხორციელდება ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები მომავალი ოთხი წლის შემდეგ გაცილებით უფრო ახლო და დინამიური გახდება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ხელაშვილის თქმით, შედეგის თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს სამხედრო წვრთნები, რომელიც რეგულარულად ტარდება, ამასთან ერთად, შესაძლოა, საუბარი იყოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გააქტიურებაზე, ასევე საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

„ვგულისხმობ თუნდაც საწვრთნელი ცენტრების ერთობლივ მუშაობას, ასევე, მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება, შეიცვალოს და სასურველია, არსებულ სამხედრო წვრთნებს დაემატოს ახალი პროფილები, რაც იქნებოდა კრიზისების დაძლევის, საინფორმაციო ოპერაციების, კიბერნეტიკული უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც სავარაუდოდ მომავალ წლებში უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთვის და ნატო-სთვის“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას, რომ მიღებულია სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ხელაშვილის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა ხაზი გასმული.

„ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, რომელიც მომზადდა და გამოქვეყნდა. აღნიშნული არის ნატო-ს გენერალური მდივნის დავალებით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც შედიან ასევე საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარებიც. ამ დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე არის გასმული ხაზი. პირველი, რაც ჩვენთვის საინტერესოა, არის ის, რომ ღია კარის პოლიტიკა დადასტურებულია. მეორე – საქართველოსთან მოლაპარაკებები უნდა ავიდეს თვისობრივად ახალ დონეზე, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ზოგადი საკითხი. ეს არის ის, რომ ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის კავშირი უნდა გაძლიერდეს, სინამდვილეში, ბოლო წლებში ბევრი უთანხმოება იყო, ერთი მხრივ აშშ-ს და მეორე ევროპულ ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ეს უთანხმოება მიდის აღმოფხვრამდე, რაც საქართველოსთვის ძალიან კარგია, რადგან საქართველო ყოველთვის იღებდა სარგებელს ევროპისა და ამერიკის შეთანხმებული მუშაობით. მეორე, ლაპარაკია ნატო-ს ალიანსის ადაპტაციაზე, ასევე საუბარია იმაზე, რომ სამხედროს გარდა, ამაში უნდა ჩაერთოს პოლიტიკური და ღირებულებითი მომენტები, რაც საქართველოსთვის ყოველთვის იყო მთავარი არგუმენტი ნატო-სთან ურთიერთობებში. თუკი, აქცენტი მომდევნო ათწლეულში გაკეთდება სწორედ ღირებულებით და პოლიტიკურ ასპექტებზე, მაშინ საქართველოს გაცილებით მეტი არგუმენტი ექნება იმისთვის, რომ წევრობისკენ გადადგას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ყოველ შემთხვევაში, მომდევნო 4 წელიწადი საქართველოშიც, აშშ-შიც და ნატო-შიც არის თანამშრომლობისკენ კეთილგანწყობის 4 წელიწადი, ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.