გიორგი ხელაშვილი - აშშ-საქართველოს ურთიერთობები რეგიონში ყველაზე სტაბილურია და ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომელი ადმინისტრაცია იქნება ამერიკის სათავეში
გიორგი ხელაშვილი - აშშ-საქართველოს ურთიერთობები რეგიონში ყველაზე სტაბილურია და ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომელი ადმინისტრაცია იქნება ამერიკის სათავეში

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები რეგიონში ყველაზე სტაბილურია.

„მომავალშიც ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა, ამერიკის სათავეში რომელი ადმინისტრაცია იქნება. ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა იმდენად სტაბილური და მოწესრიგებულია, რომ რამე ტექტონიკური ძვრები ალბათ არ იქნება, რადგან ეს უკვე არის ორი სახელმწიფოს დალაგებული, სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობა“, – განაცხადა ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილის თქმით, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯი იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაღმავებისკენ.

„ჩვენი ამოცანაა ნატო-ში და ევროკავშირში შესვლა და ორივე შემთხვევაში, ჩვენი მთავარი დასაყრდენი ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკის შეერთებული შტატები გარდამავალ პერიოდშია. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება, მაგრამ თუ ხელისუფლებაში ტრამპი დარჩება, ამ შემთხვევაშიც კი მისი ადმინისტრაციის გადახალისება მოხდება. შესაბამისად, ამ პირობებში რამე ფუნდამენტურ ცვლილებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ამიტომაც იყო ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი. ეს ვიზიტი არის გარკვეული ხიდი დღევანდელობას და მომდევნო ოთხ წელიწადს შორის. ეს მომდევნო 4 წელიწადი საქართველოშიც და ამერიკაშიც, როგორც ჩანს, სტაბილური იქნება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ამასთან, ხელაშვილმა ისაუბრა მაიკ პომპეოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის საკითხზეც.

„კახა წიქარიშვილმა, რომელმაც კლანთან დაკავშირებით ისაუბრა, თქვა, მას არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამ ფორმულირებას რამე ფორმით იზიარებს. შესაბამისად, ეს მხოლიდ და მხოლოდ ოპოზიციის ინტერპრეტაციაა, რომელსაც არასამთავრობოებიც კი არ ეთანხმებიან.

შესაბამისად, აქ რამე სპეკულაციებზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმას, ამაში ამერიკა ამა თუ იმ ფორმით, იქნებოდა ეს საელჩო, იუსტიციის დეპარტამენტი ან საერთაშორისო არასმათავრობო ორგანიზაციები, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ფუნდამენტურად იყვნენ ჩართული, ეს ასევე გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.