გიორგი ხელაშვილი - ამერიკის კონსტიტუციის არსებობის დროს ცვლილება სულ რამდენჯერმე არის შეტანილი, კონგრესმენები გაოგნებული დარჩნენ, როცა ვუთხარით, რომ სამშაბათს კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმას ვაძლევდით
გიორგი ხელაშვილი - ამერიკის კონსტიტუციის არსებობის დროს ცვლილება სულ რამდენჯერმე არის შეტანილი, კონგრესმენები გაოგნებული დარჩნენ, როცა ვუთხარით, რომ სამშაბათს კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმას ვაძლევდით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ უნდა გადიოდეს.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ნაწილს „ქართული ოცნება“ სწორედ კონსტიტუციიდან გამომდინარე მიუდგა.

„აშშ-ის საელჩოს განცხადება უნდა დავინახოთ იმ კონტექსტში, რომ შეუქცევადია საქართველოს პროგრესი სასამართლოსა და სამართალდაცვის რეფორმის გზაზე. ბუნებრივია, არის გარკვეული შენიშვნები. რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე არ შეასრულა და რაიმე დაპირება გატეხა, არასწორია“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

ხელაშვილის  თქმით, 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება და ანულირება ოპოზიციის მიზეზით მოხდა.

„ძალიან ბევრი დრო იყო, რომ მათ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ, რაც მათი მხრიდან არ მოხდა. შესაბამისად, შეთანხმება ანულირებულია. ამიტომ „ქართული ოცნება“ გენერალური პროკურატურის არჩევის საკითხს მიუდგა არა პოლიტიკური კონსენსუსის, არამედ სამართლებრივ-კონსტიტუციური საფუძვლების მიხედვით. გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილება რომც მიგვეღო, ის სამართლებრივად 2024 წლისთვის შედიოდა ძალაში, ხოლო პრაქტიკულად – 2026 წლისთვის, ვინაიდან გენერალური პროკურორი ამ პერიოდამდე არის არჩეული. გაუგებარია ყოველგვარი კრიტიკა, რომ ჩვენ განუსაზღვრელი ძალაუფლება ჩავიგდეთ ხელში. ევროპის ქვეყნებში, რისკენაც საქართველო მიისწრაფვის, გენერალურ პროკურორებს კვალიფიციური უმრავლესობით არ ირჩევენ. ამგვარი წესის შემოტანა დემოკრატიისთვის საშიშია, რადგან ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებას დაკარგავს, ოპოზიციაში დარჩენის შემთხვევაში, ძველი გენერალური პროკურორის განუსაზღვრელი ვადით დატოვება შეეძლება“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილის განმარტებით, ორი საუკუნის განმავლობაში, ამერიკის კონსტიტუციის არსებობის დროს კონსტიტუციაში ცვლილება სულ რამდენჯერმე არის შეტანილი, მაშინ, როცა საქართველოში ოპოზიცისათან ნებისმიერი საუბარი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით უნდა დასრულდეს, რაც წარმოუდგენელია.

„ქართული ოცნება“ საკითხს კონსტიტუციიდან გამომდინარე მიუდგა. როცა ორი დღის წინ არაფორმალური შეხვედრა იყო კონგრესმენებთან და ვთქვით, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს სამშაბათს ხმას ვაძლევდით, ისინი ამის გამო სრულიად გაოცებული და გაოგნებულები დარჩნენ, რადგან ორი საუკუნის მანძილზე, ამერიკის კონსტიტუციის არსებობის დროს კონსტიტუციაში ცვლილება რამდენჯერმე არის შეტანილი, მაშინ, როცა ჩვენთან ოპოზიციასთან ნებისმიერი საუბარი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით უნდა დასრულდეს, რაც წარმოუდგენელია. ევროპაში არსად არ ხდება გენერალური პროკურორის არჩევა ამ ფორმით, ეს არის დემოკრატიისთვის საშიში, რადგან ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ვინც ძალაუფლებას კარგავს, შეეძლება, განუსაზღვრელი ვადით დატოვოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩეული გენერალური პროკურორი“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

​ჰარცელის თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას, ასევე, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას, „გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად“.

ასევე, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ „დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, განაახლებდნენ ძალისხმევას, ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე და მათ პირობა უნდა შეასრულონ.

ასევე, საელჩო განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“. საელჩოს განცხადებით, ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

დატოვე კომენტარი