გიორგი ხატიძე დარწმუნებულია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატების მხარდაჭერა ექნება
გიორგი ხატიძე დარწმუნებულია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატების მხარდაჭერა ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე დარწმუნებულია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატების მხარდაჭერა ექნება.

როგორც ჟურნალისტებს ხატიძემ განუცხადა, კანონპროექტი მომზადებულია მაღალ დონეზე, საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა და ძალიან ბევრი საკითხი დამუშავდა, რის გამოც ცვლილებებს მხარდაჭერა იქნება.

მისი თქმით, პარლამენტის ერთ-ერთი ფუნქცია ისაა, რომ ყველაფერზე მსჯელობა და განხილვა მოხდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში, ამ საკითხთან არის დაკავშირებული.

“კონკრეტულად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას უნდა დაველოდოთ. კოლეგებს სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ, რაც ეხება – ბორდსა და გენერალურ დირექტორს შორის კომპეტენციების გამიჯვნას, შესყიდვების საკითხს და ა.შ. მეორე მოსმენამდე მზად ვართ, რომ შევხვდეთ, ვიმსჯელოთ, საკითხი განვიხილოთ. რა პროდუქტს დავდებთ, ეს მსჯელობის და განხილვის შედეგად გამოჩნდება. საუკეთესო შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღება, როცა საკითხებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მხარე ღიად მსჯელობს. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი ღია იყო და ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ჰქონდა პროცესებში ჩართულიყო, საკუთარი პოზიციები წარმოედგინა”, – აღნიშნა ხატიძემ.

დეპუტატის ცნობით, წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“არაერთი შეხვედრა გაიმართა როგორც საპარლამენტო ფორმატში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან, ექსპერტებთან. აქტიური კომუნიკაცია იყო ევროპის მაუწყებელთა კავშირთან, რომლებიც პარლამენტშიც იმყოფებოდნენ და დეპუტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათ პირადად შეხვედროდნენ. ამასთან, ევროსაბჭოს დასკვნები და რეკომენდაციები გვაქვს. წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადება კომპლექსური ანალიზის საფუძველზე მოხდა”, – დასძინა ხატიძემ.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით განიხილავს.