გიორგი ხატიაშვილი - არ მომწონს, როცა ვამბობთ სოციალურ დისტანცირებას, ამას დავარქმევდი ფიზიკურ დისტანცირებას და სოციალურ სოლიდარობას
გიორგი ხატიაშვილი - არ მომწონს, როცა ვამბობთ სოციალურ დისტანცირებას, ამას დავარქმევდი ფიზიკურ დისტანცირებას და სოციალურ სოლიდარობას

არ მომწონს, როცა ვამბობთ სოციალურ დისტანცირებას, ამას დავარქმევდი ფიზიკურ დისტანცირებას და სოციალურ სოლიდარობას, – ამის შესახებ ნიუ იორკის „თანამედროვე ფსიქოანალიზის ცენტრის“ ფსიქოანალიტიკოსმა, გიორგი ხატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან ბევრმა გაიგო ისე, რომ ერთმანეთთან ტელეფონითაც აღარ კონტაქტობდნენ. არადა, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება სოციალური სოლიდარობა და ერთმანეთთან ემოციურად მჭიდროდ ყოფნა. ძალიან ბევრი ადამიანი მარტო ცხოვრობს და ისინი ხშირად უნდა მოვიკითხოთ, რომ თავი მარტო არ იგრძნონ და დეპრესიულ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, ჩვენი ფსიქიკა საფრთხეს უკვე მიეჩვია, ადაპტირება მოხდა და მეორე ტალღასთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება.

„არ მგონია, შესაძლო მეორე ტალღამ დიდი დარტყმა გამოიწვიოს. იმიტომ, რომ მას უფრო მომზადებული ვხვდებით. აღარ გვაშინებს ის, რომ თუ ვირუსი დამემართება, აუცილებლად უნდა მოვკვდე, რადგან უკვე ვიცით, რომ დაავადება განკურნებადია“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

ფსიქოანალიტიკოსმა საზოგადოებას ურჩია, რაც შეიძლება, ოპტიმისტურად განეწყოს, თუმცა, რეალობას იგნორირება არ გაუკეთოს.

„დავიცვათ თავი, მაგრამ არ ვიყოთ ნეგატიურ ნოტაზე, რადგან ეს ჩვენს იმუნურ სისტემაზე ძალიან მოქმედებს, ჩვენი თავდაცვა სუსტდება და საკუთარ თავს უფრო დიდი რისკის ქვეშ ვამყოფებთ, რომ დავინფიცირდეთ“, – განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა.

დატოვე კომენტარი