გიორგი ხარაიშვილი - შვედეთის სიმბოლურში მოხვედრა ძალიან გამიხარდა
გიორგი ხარაიშვილი - შვედეთის სიმბოლურში მოხვედრა ძალიან გამიხარდა

„ეს ჩემთვის დიდი პატივიცაა და სიხარულიც“ – ასე შეაფასა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დასახელება.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შვედეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში ფეხბურთის სტატისტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდმა, „სოფასქორმა“ დაასახელა.

შვედეთში დასრულებულ სეზონში „გიოტებორგი“ მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა. თუმცა გუნდის ქართველი ლიდერი წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გიორგი ხარაიშვილი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამო აღიარება მისთვის უფრო ფასეულია: „შვედეთის ჩემპიონატი სუსტი დონის ნამდვილად არაა და წლის სიმბოლურ ნაკრებში რომ დაგასახელებენ, ეს უმნიშვნელო ამბავი არაა. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩემი გუნდი „გიოტებორგი“ ჩემპიონატში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა და ასეთი გუნდიდან სიმბოლურში დასახელება უფრო რთული იყო“.

დასრულებულ სეზონში „გიოტებორგში“ ხარაიშვილმა 28 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი ოთხჯერ მოხვდა.