გიორგი ხანიშვილი - ფერმერებმა, რომლებმაც ფაროსანასთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინეს, კარგი მოსავალი მიიღეს
გიორგი ხანიშვილი - ფერმერებმა, რომლებმაც ფაროსანასთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინეს, კარგი მოსავალი მიიღეს

დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა აზიური ფაროსანა. იმ ფართობებზე, რომლებიც მთავრობის მეშვეობით მუშავდებოდა, სიმინდის კარგი მოსავალია ,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ კომიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ სტრატეგიით განსაზღვრული ყველა მიმდინარეობა მაღალ დონეზე განხორციელდა.

„კარგი შედეგებია თხილის მოსავალთან დაკავშირებითაც იმ ფართობებზე, სადაც  ფერმერებმა დაიჯერეს და გაატარეს აგროტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც რეკომენდებული იყო ჩვენს მიერ დარიგებულ ბუკლეტებში. ადამიანები, რომლებმაც ვერ მიიღეს წელს კარგი მოსავალი, იმედია,  გაითვალისწინებენ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს. მთავრობა მომავალ წელს ახალი პროგრამის განხორციელებას გეგმავს. შემდეგი წელი იქნება ბევრად უკეთესი“,-განაცხადა გიორგი ხანიშვილმა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს მცენარეთა დაცვის საშუალებები აზიანებს ნარგავებს, არის შეთხზული მითი.

კომიტეტის სხდომაზე ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის შედეგად მიღებული მოსავლის   ნიმუშები წარმოადგინეს.