გიორგი ხანიშვილი - ფაროსანას წინააღმდეგ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენება
გიორგი ხანიშვილი - ფაროსანას წინააღმდეგ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, აგრარული უნივერსიტეტის ლ. ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ბიოკონტროლის ლაბორატორიაში არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო.

„სოფლის მეურნეობის სექტორი პერიოდულად დგება ახალი გამოწვევების წინაშე. სწორედ ასეთი გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სამეცნიერო რესურსის, პოტენციალის და ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს სამეცნიერო წრეებთან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსური, მათ შორის ბიოლოგიური, მეთოდების შემუშავების მიმართულებით.

აგრარულ უნივერსიტეტის, ლ.ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ბიოკონტროლის ლაბორატორიის კვლევის ძირითადი მიმართულებებია მავნე მწერებისა და პარაზიტული მცენარეების რიცხოვნობის მარეგულირებელი ბუნებრივი ფაქტორების შესწავლა მცენარეთა ბიოლოგიურ დაცვაში მათი შემდგომი გამოყენებისათვის.