გიორგი ხაბურზანია - რაც ახლა პირველ არხზე ხდება, ორი წლის წინ არხის მენეჯმენტის მიერ გრძელვადიანად მიღებული გადაწყვეტილებების ლოგიკური შედეგია
გიორგი ხაბურზანია - რაც ახლა პირველ არხზე ხდება, ორი წლის წინ არხის მენეჯმენტის მიერ გრძელვადიანად მიღებული გადაწყვეტილებების ლოგიკური შედეგია

ის, რაც ახლა პირველ არხზე ხდება, იმ გადაწყვეტილებების ლოგიკური შედეგია, რაც ორი წლის წინ არხის მენეჯმენტმა გრძელვადიანად მიიღო, – ამის შესახებ საერთაშორისო მეგაპროექტების პროდიუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმიტომ, რომ ინვესტიცია გააკეთეს ხარისხიან, საერთაშორისო პროდუქტში. ეს ამ მენეჯმენტის გადაწყვეტილების ლოგიკური შედეგია. სწორად ინვესტირებულმა დრომ, თანხებმა და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო ამ შოუების ხარისხით“, – განაცხადა გიორგი ხაბურზანიამ.

მისი თქმით, მენეჯმენტის გრძელვადიანი ხედვა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ქართულ ბაზარზე ბევრი არხის მენეჯმენტი გრძელვადიანად არ იხედება. ძირითადად, მიმდინარე ამოცანებს პასუხობენ, აქ კი, სხვანაირად არის. ორი მეგაშოუს ერთად დაწყება იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ამ არხის მენეჯმენტმა, ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ, თინათინ ბერძენიშვილმა და ყველამ ამას გრძელვადიანად შეხედა, რომ ეს უნდა იყოს ის, რაც კიდევ გაღრმავდება და კიდევ მეტი გაკეთდება“, – განაცხადა გიორგი ხაბურზანიამ.

გიორგი ხაბურზანიამ ასევე განაცხადა, რომ Voice იქნება ახალი სიტყვა მუსიკალურ პროექტებში.

„ჩვენ სხვა კარგი პროექტებიც გაგვიკეთებია, მათ შორის, „საქართველოს ვარსკვლავი“, რომელიც გადასარევი პროექტია, მაგრამ Voice-ს აქვს უნიკალური ნიშა მსოფლიოში, როგორც ძალიან მკაცრად მუსიკალურ პროექტს.

უხეშად რომ ვთქვათ, როგორც „მასტერშეფი“ ქადაგებს კულინარიულ პერფექციონიზმს, ასევე Voice არ არის სხვა რაღაცაზე, მარტო შოუზე ორიენტირებული. ის ორიენტირებულია ვოკალზე, ხარისხზე და ნამდვილი მუსიკოსის აღზრდაზე“, – განაცხადა გიორგი ხაბურზანიამ.

როგორც საერთაშორისო მეგაპროექტების პროდიუსერმა აღნიშნა, საქართველოს პირველ არხზე ახალი სეზონიდან იქნება ბევრი ახალი პროექტი, სადაც მაყურებელი ბევრ სიახლეს ნახავს და ბევრ რაღაცას სხვანაირად დაინახავს.