გიორგი კეპულაძე - ახალ რეგულაციებში, რომლებზეც ეროვნული ბანკი კიდევ მუშაობს, ჩადებულია, რომ პენსიონერი, სტუდენტი და თვითდასაქმებული სესხს ვეღარ აიღებს
გიორგი კეპულაძე - ახალ რეგულაციებში, რომლებზეც ეროვნული ბანკი კიდევ მუშაობს, ჩადებულია, რომ პენსიონერი, სტუდენტი და თვითდასაქმებული სესხს ვეღარ აიღებს

ახალ რეგულაციებში, რომლებზეც ეროვნული ბანკი კიდევ მუშაობს, ჩადებულია, რომ პენსიონერი, სტუდენტი და თვითდასაქმებული სესხს ვეღარ აიღებს, – ამის შესახებ “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აქამდე სულ იყო პრობლემა, რომ სოციალურად დაუცველსა და პენსიონერს ბანკმა ან არასაბანკო დაწესებულებამ სესხი მისცა, მაგრამ დამერწმუნეთ, ორ-სამ თვეში დადგება პრობლემა, როცა პენსიონრები იტყვიან, რომ მათ სესხს აღარ აძლევენ“, – განაცხადა კეპულაძემ.

მისი თქმით, ჭარბვალიანობის დასაძლევად საჭიროა არა რეგულაციების შემოღება, არამედ ეკონომიკური ზრდა და ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

„თუ ადამიანები სასესხო ვალდებულებების გადახდას ვერ აუდიოდნენ, ხვალ როგორ აუვლენ?! ეს რეგულაცია რა, ფულს მისცემს?! ის, ვინც ვალების გადახდას ვერ აუდიოდა, სამწუხაროდ, ხვალაც იგივე მდგომარეობაში იქნება და ახალი რეგულაციების შემოღება ამ პრობლემას ვერ მოხსნის“, – განაცხადა კეპულაძემ

ამ განცხადებით გიორგი კეპულაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ადამიანებისთვის სასესხო ტვირთი იმდენად მძიმე იყო, ისინი გადახდას ვერ აუდიოდნენ და ხვალაც რომ ამ მდგომარეობაში არ ჩადგნენ, ახალი რეგულაციების შემოღება სწორედ ამიტომ არის საჭირო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება მისი პასუხი ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე, რომ რეგულაციების მოწინააღმდეგეების არგუმენტი, თითქოს ხელისუფლება ხელს უშლის საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, დაბალი ეკონომიკური განათლების შედეგია, გიორგი კეპულაძემ განაცხადა, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს ხისტი რეგულაციებით არ უნდა ხდებოდეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს.