გიორგი კეკელიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი უნდა იყოს ნიშანი, რომ ევროპის რუკაზე ღირსეულად ვარსებობთ
გიორგი კეკელიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი უნდა იყოს ნიშანი, რომ ევროპის რუკაზე ღირსეულად ვარსებობთ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უნდა იყოს ნიშანი, რომ ჩვენ ევროპის რუკაზე ღირსეულად ვარსებობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიება ქვეყნისთვის გზამკვლევს წარმოადგენს.

„ასეთი ტიპის ღონისძიება არის გზამკვლევი ქვეყნისთვის, რადგან საქმე კულტურასა და განათლებას ეხება, აქ ჩვენ, მგონი, არ გვიჭირს. განსაკუთრებით ვგულისხმობ კულტურას და მწერლობას. ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ჩვენ ევროპის რუკაზე ღირსეულად ვარსებობთ“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters-ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. პავილიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს. 14 ოქტომბრამდე ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება.