გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს მიმართულება უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ერთი მხრივ, ეს არის მიწაზე დაფუძნებული აზარტული თამაშების სახლები, ანუ კაზინოები, რომლებიც მოსაკრებლებით იბეგრება. საბედნიეროდ, ბოლოს, ორი წლის წინ, ეს მოსაკრებლები გაიზარდა და შესაბამისად, ბიუჯეტში შეტანილი თანხებიც საკმაოდ გაიზარდა. ამის გამო აზარტული თამაშების კომპანიების მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა არ ყოფილა, რადგან მათი მოგება ძალიან მაღალია. მეორე მიმართულებაა ონლაინ თამაშები, რომელიც იმდენად მიზერული თანხებით იბეგრება და ამ მიმართულებით ისეთი არასწორი პოლიტიკაა გატარებული, რომ ისინი ბიუჯეტში მცირე თანხებს იხდიან, იმ ფონზე, როცა ამაში უამრავი ადამიანია ჩართული“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, სწორედ ონლაინ თამაშებია ის მიმართულება, რომელიც ფულის გათეთრების საფრთხეს ქმნის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის რეგულაცია გამორიცხავს ამ საფრთხეს, გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამას პირველ რიგში, გამორიცხავს რეგულაცია, როცა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს ამ კომპანიების ბაზებთან სრული წვდომა ექნებათ და ფინანსები სრულიად გამჭვირვალე იქნება. 

როგორც აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ონლაინ თამაშების რეგულაცია ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაშია გამკაცრებული.

„ასაკობრივი ცენზი ყველგან არის დაწესებული. არასრულწლოვანთა ჩართულობა და სხვისი პირადობის მოწმობის საფუძველზე თამაშის დაწყება ასე მარტივად, როგორც საქართველოშია, არსად არ ხდება. გარდა ამისა, გართულებულია ტრანზაქციებიც და ფინანსები სრულიად გამჭვირვალეა“, – განაცხადა კაპანაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას ამის აღსრულება ინტერნეტ სივრცეში, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ თუ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან რეგულირება მოხდება და ბაზები სამინისტროს შესაბამის უწყებებთან იქნება მორგებული, ტრანზაქციების გაკონტროლება პრობლემა არ იქნება.

„ფინანსთა სამინისტრო ახლა ვერ ახერხებს ამას, ვინაიდან ეს ორგანიზაციები შპს-ებად არიან დარეგისტრირებული და მათი ოპერირება დამოუკიდებლად ხდება. ამის გაკეთება პრობლემა არ არის. უბრალოდ, უნდა იყოს პოლიტიკური ნება და გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელზეც არა ერთხელ გაცხადდა სხვადასხვა პოლიტიკური ხელმძღვანელის მხრიდან, იქნებოდა ეს პრემიერ-მინისტრი, თუ ეკონომიკის მინისტრი“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.