გიორგი კანდელაკი - სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჯდომა არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სიმბოლოების წაბილწვა
გიორგი კანდელაკი - სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჯდომა არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სიმბოლოების წაბილწვა

რუსი დეპუტატების, განსაკუთრებით სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არის უმწვავესი თემა, მისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჯდომა არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სიმბოლოების წაბილწვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„მისი შემოშვება არის „ქართული ოცნების“ საეტაპო განაცხადი, რადგან ეს ადამიანი მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ ომში. მაშინ, როდესაც სოხუმი იბომბებოდა, როდესაც ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა აფხაზეთში, როცა სვანეთის უღელტეხილებზე ბავშვები იყინებოდნენ, ეს პიროვნება იყო იქ და ამ პიროვნების აქ შემოშვება არის მართლა საეტაპო სიგნალი, საით ექაჩება „ქართული ოცნება“ საქართველოს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისი თქმით, საქართველომ ქვეყანაში შემოუშვა რუსი დეპუტატები, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრზალული აქვთ.

„არ მინდა, გამოგვრჩეს ის კრიზისი, რაც გამოიწვია ამ ყველაფერმა უკრაინასთან მიმართებით, ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორთან მიმართებით. ამ ხალხის საქართველოში შემოშვებით „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიაფურთხა უკრაინის სუვერენიტეტს, რადგან რუსეთის დუმის ყველა ამ წევრს აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალული აქვს იქ შესვლა მათი აქტიურობის გამო ყირიმსა და დონეცკში, სადაც 2014 წლის შემდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულია 12 000 ადამიანი. საქართველოს მთავრობამ გავრილოვის საქართველოში შემოშვებით თქვა, რომ ამ ხალხის აქტივობა უკრაინაში მისთვის მისაღებია. რა თქმა უნდა, ამას ვერ მოითმენდა საქართველოში უკრაინის ელჩი და დატოვა გუშინდელი სამარცხვინო ღონისძიება. მინდა, ჩვენი პარტიისა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის სახელით, მადლობა გადავუხადო უკრაინის ელჩს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია დღეს საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა. სხდომას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს.