გიორგი კანდელაკი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო და არის კრიტერიუმი, რომელსაც ევროპის საბჭო საქართველოსგან წლების განმავლობაში მოითხოვდა
გიორგი კანდელაკი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო და არის კრიტერიუმი, რომელსაც ევროპის საბჭო საქართველოსგან წლების განმავლობაში მოითხოვდა

რუსეთის პარლამენტში იყო განსხვავებული ხედვები, ბოლშევიკების ამბოხამდე და უფრო მოკლე წარსულში, ბორის ნემცოვი, თუმცა არსებული რეჟიმის მიერ, ეს შესაძლებლობა დიდი ხნით დაიხურა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებული ანგარიშის განხილვისას სიტყვით გამოვიდა.

„ორი სიტყვით მინდა, გამოვეხმაურო რუს კოლეგას, რომელმაც დღის საუკეთესო ხუმრობა შემოგვთავაზა, რომ ის წარმოადგენს ოპოზიციას რუსეთის პარლამენტში. რუსეთის პარლამენტში იყო განსხვავებული ხედვები, ბოლშევიკების ამბოხამდე და უფრო მოკლე წარსულში, ბორის ნემცოვი. თუმცა არსებული რეჟიმის მიერ, ეს შესაძლებლობა დიდი ხნით დაიხურა“,- აღნიშნა კანდელაკმა.

კანდელაკმა საქართველოში 2020 წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო და არის კრიტერიუმი, რომელსაც ევროპის საბჭო საქართველოსგან წლების განმავლობაში მოითხოვდა.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია, რამდენადაც გადამწყვეტი, არსებითი არჩევნები გაიმართება ამ ოქტომბერს და ეს ანგარიში ხაზს უსვამს საკითხებს, რომლებსაც გავლენა ექნება იმაზე, თუ რა მოხდება შემდგომ. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის საკითხია. ივნისში როდესაც ქართულმა საზოგადოებამ თავისი განრისხება გამოხატა რუსი კომუნისტი პარლამენტარის, ბატონი გავრილოვის მიმართ, რომელიც პარლამენტის სპიკერის სავარძელში იჯდა და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, ბატონმა ივანიშვილმა, ოლიგარქმა მოიწვია. მეორე პრობლემაა, რომ ის მართავს ქვეყანას. მან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა დადო, რაც იყო და არის კრიტერიუმი, რომელსაც ევროპის საბჭო მოითხოვდა საქართველოსგან წლების განმავლობაში.

ახლა ჩვენ საერთაშორისო ზეწოლით დიალოგი გვაქვს მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის პროექტი ამბობს, როგორიც არ უნდა იყოს ამ დიალოგის შედეგი, მას უნდა ჰქონდეს ორივე მხარის ნდობა და ნამდვილად, ეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი არჩევნების სანდოობისა და ლეგიტიმურობისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კითხვაა. შეუძლია მას ხელისუფლების შეცვლა ცივილიზებული გზით ერთ ჯერზე მეტად?“,- აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

ამასთან, კანდელაკმა სასამართლო სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ანგარიში მოიცავს, სასამართლო სისტემაა. კონსენსუსი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში და ყველა სანდო აქტორში, რომ უზენაეს სასამართლოში მუდმივი ვადით, 14 ახალი მოსამართლის დანიშვნა, სერიოზული ნაკლოვანებებით მოცულია. ეს მოითხოვს მეტ ყურადღებას“,- აცხადებს გიორგი კანდელაკი.