გიორგი კანდელაკი - ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხის აქტუალიზაციის გარეშე, არაფერი გამოვა
გიორგი კანდელაკი - ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხის აქტუალიზაციის გარეშე, არაფერი გამოვა

საქართველოს მთავრობა არ ცდილობს, სახელმწიფო მეთაურების დონეზე, ჩვენი ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საკითხები წამოჭრას დასავლეთის ლიდერებსა და რუსეთის ლიდერებს შორის, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაზე კომენტირებისას.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხის აქტუალიზაციის გარეშე, არაფერი გამოვა.

„საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით მთავრობის მეთაურთა დონეზე, ჩვენი ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხის აქტუალიზაციის გარეშე, არაფერი გამოვა და ეს პრობლემა კი არ შენელდება, არამედ პირიქით, უფრო გამწვავდება. სამწუხაროდ, გარკვეული გამონაკლისების მიუხედავად, საერთო ჯამში საქართველოს მთავრობა არ ცდილობს, სახელმწიფო მეთაურების დონეზე, ჩვენი ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საკითხები წამოჭრას დასავლეთის ლიდერებსა და რუსეთის ლიდერებს შორის“, – განაცხადა კანდელაკმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.