გიორგი კანდელაკი - მოლაპარაკება გაგრძელდება, რადგან ამ ახალი რეალობის გამო, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება
გიორგი კანდელაკი - მოლაპარაკება გაგრძელდება, რადგან ამ ახალი რეალობის გამო, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება

მოლაპარაკება გაგრძელდება, რადგან ამ ახალი რეალობის გამო, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან და საპარლამენტო მანდატს ამის გამო არ აუქმებენ, გულწრფელები არ არიან.

„მოლაპარაკებები ახლა კი არ მთავრდება, არამედ ახლა იწყება, რადგან ახლა დასრულდება სამართლებრივი გაფორმება იმ ახალი რეალობისა, რომლამდეც „ქართულმა ოცნებამ“ მიიყვანა ქვეყანა და ამ რეალობას ჰქვია კომუნისტური ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, მოლაპარაკება გაგრძელდება, რადგან ამ ახალი რეალობის გამო ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ მხოლოდ გაიზრდება, რათა კომპრომისზე წამოვიდეს საზოგადოების უმრავლესობასთან, რომელმაც არ მიიღო ეს მანიპულირებული არჩევნები.

რამდენიმე დღე სჭირდება ამ პროცესს, რომ საბოლოოდ გაფორმდეს ეს გადაწყვეტილება და პარლამენტის ყველა ოპოზიციურმა არჩეულმა წევრმა დათმოს საკუთარი მანდატი. ვინც ამბობს, მოლაპარაკებების დასრულებას ველოდებიო, ეს არაგულწრფელი ნათქვამია, რადგან მანდატი არანაირ კავშირში არ არის მოლაპარაკებებთან. რამდენიმე თვეს რომ გაგრძელდეს მოლაპარაკება, მანდატის არ დათმობით ხომ მთლიანად ოპოზიციის პოზიციას ასუსტებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დასრულდეს და ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადი გახდეს, რომ აი, ეს რეალობა დადგა, ქვეყანას აქვს კომუნისტური პარლამენტი“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.