გიორგი კანდელაკი - მიზეზები, რომელთა გამოც რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვა, კვლავ ძალაშია
გიორგი კანდელაკი - მიზეზები, რომელთა გამოც რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვა, კვლავ ძალაშია

როდესაც თქვენ დააწვებით ღილაკს „დიახ“, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პატიობთ რუსეთს 12 000 ადამიანის მკვლელობას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პატიობთ რუსეთს რეის MH17-ის ჩამოგდებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის ეს არაფერია, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სესიაზე, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობენ.

„სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიმართა პროევროპული დემონსტრაცია, რომელიც ახლაც გრძელდება. ხალხი გაბრაზებულია ჩვენს საკუთარ მთავრობაზე, ეს ჩვენი შიდა ამბავია. ამაზე კი რუსეთის რეაქცია იყო შემდეგი – მათ რუს ტურისტებს საქართველოში ჩასვლა აუკრძალეს. დარწმუნებული ვარ, ბევრი რუსი უგულებელყოფს ამას და ისინი მაინც ჩამოვლენ საქართველოში და ბევრი სხვაც ჩამოვა. თუმცა, საქმე მარტივადაა – ის, რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ, რუსეთის მიერ შეფასებულია როგორც სისუსტე, როგორ მოპატიჟება შემდგომ აგრესიაზე. ისინი შექმნიან კიდევ უფრო მეტ პრობლემას, გპირდებით. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობთ, რას საუბრობენ წევრი სახელმწიფოების მინისტრები, რუსეთი ამას გაიგებს ასე – ის ქმედებები, რის გამოც მას ხმის უფლება ჩამოერთვა, ნაპატიებია“, – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

მისი თქმით, ის მიზეზები, რომელთა გამოც რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვა, კვლავ ძალაშია და რუსეთის მიერ არაფერი შესრულებულა.

„ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შესრულებულა საქართველოში, ყირიმის ანექსია კი არ გაუქმებულა. ძვირფასო კოლეგებო, 12 000 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში, 12 ათასი! ეს ბევრია, ეს ბევრი სიცოცხლეა! თქვენ ნამდვილად გსურთ ამის პატიება რუსეთისთვის? ნამდვილად გინდათ ამის გაკეთება? გთხოვთ, დაფიქრდით ამაზე! რადგან, როდესაც თქვენ დააწვებით ღილაკს „დიახ“, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პატიობთ რუსეთს 12 000 ადამიანის მკვლელობას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პატიობთ რუსეთს რეის MH17-ის ჩამოგდებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის ეს არაფერია“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხს განიხილავენ. ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციას სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. რუსეთის შესაძლო დაბრუნების შესახებ კენჭისყრა ცოტა ხანში დაიწყება. მანამდე საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.