გიორგი კანდელაკი - ევროსაბჭოს ძალისხმევა, დაუშვას გამონაკლისი რუსეთისთვის, ძირს უთხრის ამ ორგანიზაციის უნარს, იმუშაოს სხვა საკითხებზე
გიორგი კანდელაკი - ევროსაბჭოს ძალისხმევა, დაუშვას გამონაკლისი რუსეთისთვის, ძირს უთხრის ამ ორგანიზაციის უნარს, იმუშაოს სხვა საკითხებზე

ევროსაბჭოს მხრიდან ძლიერი და შეთანხმებული ძალისხმევა, დაუშვას წესებში გამონაკლისი რუსეთისთვის, ძირს უთხრის ამ ორგანიზაციის უნარს, იმუშაოს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა ევროსაბჭოს დაარსების ისტორია გაიხსენა და ორგანიზაციის ფასეულობებს გაუსვა ხაზი.

„როდესაც დიდმა ევროპელებმა, როგორებიც არიან უინსტონ ჩერჩილი და კონრად ადენაუერი, დააარსეს ეს ორგანიზაცია 1945 წელს, ისინი მოქმედებდნენ არამხოლოდ მეორე მსოფლიო ომის საშინელებების გათვალისწინებით, არამედ ასევე იმის გაცნობიერებით, რომ დემოკრატია არის მმართველობის მყიფე სისტემა, რომ დემოკრატიას ყოველთვის სჭირდება დაცვა და დემოკრატია ყოველთვის არის დარტყმის ქვეშ. როგორც ერთ-ერთმა დიდმა მოაზროვნემ, ედმუნდ ბერკმა თქვა, ერთადერთი, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, საჭიროა, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ. კარგ ადამიანებს ყოველთვის უწევთ ბევრი მუშაობა მათ წინააღმდეგ, ვისაც დემოკრატიის ხელყოფა სურთ. ათწლეულების განმავლობაში იყო უამრავი ცხელი საკითხი, რომელზეც ეს ორგანიზაცია მუშაობდა. არის უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთის გარდა, სხვა წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ჩემს საკუთარ ქვეყანაშიც. ამ ორგანიზაციის მხრიდან ძლიერი და შეთანხმებული ძალისხმევა, დაუშვას წესებში გამონაკლისი რუსეთისთვის, ძირს უთხრის ამ ორგანიზაციის უნარს, იმუშაოს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის თქმით, გამონაკლისის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი პრინციპია.

„წინა დღის კარგი ამბავია – ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ გამონაკლისის დაშვება მიუღებელია. თუ ჩვენ გვაქვს წესები, ისინი თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის“, – აღნიშნა კანდელაკმა.