გიორგი კანდელაკი - დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პრობლემა ის არის, რომ არაერთხელ გამოსულა სახელმწიფოს დამაზიანებელი განცხადებებით
გიორგი კანდელაკი - დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პრობლემა ის არის, რომ არაერთხელ გამოსულა სახელმწიფოს დამაზიანებელი განცხადებებით

დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას, დიალოგი დეოკუპაციასა და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას უნდა ეხებოდეს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პრობლემა ის არის, რომ არაერთხელ გამოსულა სახელმწიფოს მიმართ დამაზიანებელი განცხადებებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა, რომელიც  ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა.

კანდელაკის თქმით, რამდენიმე კვირის წინ ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოში ამერიკის ბაზები არ უნდა განთავსდეს.

„ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ რომც იდგეს, საქართველოს პრეზიდენტი ასეთ რაღაცებს რატომ უნდა ამბობდეს? საქართველოში ნატო-ს მიერ გამართულ წვრთნებს თავს დაესხა. „ქართული ოცნების“ რჩეული ზურაბიშვილის მხრიდან მრავალი განცხადება გაკეთდა, რაც საქართველოს ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, „რას ეტყოდით ბატონ პუტინს“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება“.

დატოვე კომენტარი